Wednesday, June 10, 2009

სვეტიცხოველი

"ღმერთზე საუბარი-დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა, საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის"


svetistkhoveli_09
"შეხედე ტაძარს სვეტიცხოვლისა,
სადაც იწყება უკვდავი ღვენთი,
მაშინ იწამებ გარე ყოვლისა,
რომ აქ ოდესმე ყოფილა ღმერთი".
შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრულ ძეგლთა რაოდენობით,მცხეთას საქართველოს ვერცერთი სხვა ქალაქი ვერ შეედრება.ქალაქისა და მისი რაიონის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი არქიტექტურული ძეგლია. აქ ყველგან ისტორიაა. თვით მცხეთას რომ გვირგვინივით თავს ადგას გრანდიოზული სვეტიცხოველი-უდიდესი საეკლისიო ნაგებობა საქართველოსი.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი XI საუკუნის ქართული ხუროთოძღვრების ძეგლია ერთ_ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკის, ბაგრატის ტაძარი და ალავერდი). ტაძრის სიმაღლე 54 მეტრს არწევს.
სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის.იგი მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს და საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით ამ ადგილას პირველი ეკლესია აუშენებია, რომელიც ძალიან ძალიან პატარა ყოფილა და ჩვენამდე არ მოუღწევია.
1970-1971 წლებში სარემონტო - სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალს, ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაძილეთის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა წმინდა ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ ვახტანგ გოგრგასალმა V საუკუნის მეორე ნახევარში. აღარც ეს ეკლესია გადარჩენილა, მაგრამ გადარცა მისი მორთულობის ორი სამი ნაწილი. სვეტიცხოვლის აღმოსავლეთ ფასადზე, მთავარი სარკმლის ქვემოთ, ქვათა წყობაში ჩართულია ორი ძლიერი რელიეფური ხარის თავი, ტაძრის შიგნით კი, სამხრეთ - დასავლეთით გუმბათქვეშა ბურჯში ჩატანებულია მოჩუქურთმებული ქვა. სულ ესაა, რაც V საუკუნის მორთულობისგან შემოგვრჩა.
რატომ ჰქვია ტაძარს სვეტიცხოველი? გადმოცემით, ვინმე ელიოზი, მცხეთელი ებრაელი, იერუსალიმში ქრისტეს ჯვარცმას დასწრებია, ჯარისკაცებისაგან ქრისტეს პერანგი შეუძენია და, როგორც წმიდათა წმიდა, მცხეთაში ჩამოუტანია. აქ, ქალაქის ბჭესთან, ელიოზს ელოდებოდა მისი და სიდონია, რომელიც ქრისტეს მიერ ნაქადაგევი ახალი სარწმუნოების მიმდევარი ყოფილა. დაინახა თუ არა ძმა, ქალმა გამოსტაცა მას, პერანგი და წამსვე სულიც განუტევა. იგი იმ პერანგიანად დაუმარხავთ, რადგან ვერ მოუხერხებიათ მისი ხელიდან წართმევა. სიდონიას საფლავზე ამოსულა დიდი ხელიბანის კედარი. ეს არის ამ ამბის "წინაისტორია".

No comments:

Post a Comment